პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ვერ დავუშვებთ

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოც შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს აკეთებენ.

მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებები არ წყდება. ამას ხან პირდაპირი ფორმით აკეთებენ, ხან ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს, პრაქტილულად, ღია ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ის ნაწილიც, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, კონკრეტული მონაცემებით მტკიცდება, რომ საქართველოს მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება.

რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ჩვენ უამრავი ფაქტი წარმოვადგინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საპირისპირო განცხადება არის სრული სიცრუე, „ფეიკი“ და ეს მტკიცდება კონკრეტული მონაცემებით, მათ შორის სტატისტიკით. ვერცერთი ფაქტი, რომელზეც მათ ჰქონდათ საუბარი, ვერ დაადასტურეს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოტივი აქაც პოლიტიკურია. მათ რაიმე ფორმით საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურთ. ამას ცდილობენ ხან პირდაპირი მოწოდებებით, ხან ირიბი განცხადებებით, ხან ტყუილის გავრცელებით, რომელიც ამ შემთხვევაში სანქციებისთვის გვერდის ავლას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული ფორმა, როდესაც საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას“, – განაცხადა კობახიძემ.