უცხოეთი
ანალენა ბერბოკი - გერმანია მზად არის, უფლება მისცეს პოლონეთს, გაუგზავნოს გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები უკრაინას, თუ ვარშავა ასეთ მოთხოვნას გააკეთებს

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. გერმანია მზად არის, უფლება მისცეს პოლონეთს, გაუგზავნოს გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები უკრაინას, თუ ვარშავა ასეთ მოთხოვნას გააკეთებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბერლინმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და სწორედ ამიტომ განიხილავს პარტნიორებთან ამ საკითხს. ბერბოკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთს ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებია.

პოლონეთმა მანამდე განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინას 14 ერთეული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკი მიაწოდოს, მაგრამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბერლინისგან „მკაფიო განცხადებას“ ელოდება.

1tv.ge