სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის დამფუძნებელი: ხალხის შეცდომაში შეყვანაა, რომ მხოლოდ ნიკა მელიას უჭერენ მხარს

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ხალხის შეცდომაში შეყვანაა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხარს მხოლოდ ნიკა მელიას უჭერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ლევან კონჯარიამ განაცხადა.

კონჯარია გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერენ.

როგორც კონჯარიამ საკრებულოს დეპუტატების საპასუხო ბრიფინგზე განაცხადა, ამაყობს, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მრავალფეროვანია და მხარდამჭერები სხვა კანდიდატებსაც ჰყავთ.

დღეს ზუგდიდში, პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე ჩვენი პარტიის ასობით მხარდამჭერისთვის მოულოდნელი იყო. ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და ზუგდიდის ორგანიზაციის დამფუძნებელი. ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე რაც თქვეს, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხარს უჭერს მხოლოდ ნიკა მელიას, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა. ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითიც მე ვამაყობ. ბევრი, მათ შორის ჩვენც მხარს ლევან ხაბეიშვილს ვუჭერთ. პარტიაში არის ხალხი, ვინც თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს უჭერს მხარს. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა კანდიდატს“, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.