უცხოეთი
თურქეთმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული აქცია, სადაც ყურანი დაწვეს

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. თურქეთმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული აქცია, სადაც ყურანი დაწვეს. ანკარაში განაცხადეს, რომ შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეცა ნებართვა, რომ მსგავსი აქცია ჩატარებულიყო, თურქეთისთვის მიუღებელია.

ამასთან, თურქეთში გაიმართა საპასუხო საპროტესტო აქცია, რომელზეც მომიტინგეებმა შვედეთის ეროვნული დროშა დაწვეს. აქტივისტები სტამბოლში შვედეთის საკონსულოსთან იყვნენ შეკრებილები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ადგილი ჰქონდა მცირე შეტაკებებსაც.

აქცია გაიმართა ანკარაშიც შვედეთის საელჩოსთან. დემონსტრანტებმა შვედეთი ისლამოფობიაში დაადანაშაულეს.

სტოკჰოლმში ყურანის დაწვის აქცია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, რასმუს პალუდანმა მოაწყო. ამავე დღეს, სტოკჰოლმში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებიც ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი, უნგრეთთან ერთად, ამ დრომდე ბლოკავს ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას.

1tv.ge