სამართალი
ნიკა მელია ენმ-ის ყოფილ მინისტრებს პარტიის დასაუფლებლად „ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებას საყვედურობს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 17 იანვარს „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ქვეყნის ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრები – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი „მანკიერი, ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებით პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობებში დაადანაშაულა.

ინტერვიუ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა. მელიამ ენმ-ის ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ ცნობებზე ვრცლად ისაუბრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 28-30 იანვარს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით აირჩევს. მელიას ლიდერობას სამი კანდიდატი ეცილება: ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის დეპუტატი; ნონა მამულაშვილი – ენმ-ის ყოფილი დეპუტატი; გიორგი მუმლაძე – ენმ-ის წევრი.

არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობები

მელიამ თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობისას პარტიას „მორალური პოლიტიკის“ კეთების ამბიცია აქვს და სწორედ ესაა „უდიდესი კონტრასტული განსხვავება“ ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქიულ რეჟიმთან შედარებით“, რითაც ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ ენმ-ი ახლანდელი მთავრობის ალტერნატივაა.

ნიკა მელიას თქმით, იმ თანაპარტიელების უკან, რომლებიც მას საჯაროდ უპირისპირდებიან, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან. მისივე თქმით, სწორედ მათი ორგანიზებული იყო 9 ნოემბერს მისი გადადგომის მოთხოვნით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოწყობილი ბრიფინგიც. ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ადამიანები პოლიტიკურ ავანსცენაზე აქტიურად გამოსვლის ნაცვლად, სხვადასხვა მიზნით პარტიაზე არაფორმალური კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.

შეუძლებელია მანკიერი მეთოდების გამოყენებით, განსაკუთრებით ჩეკისტური მეთოდების გამოყენებით, ფონს გავიდეთ და ამ ყველაფერ მივცეთ გაქანება“, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ „თუ შინაგანი სისუფთავე [და] ღირებულებითი სისტემა არ არის მოწესრიგებული პოლიტიკური ლიდერების ან ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანების შემთხვევებში, ეს მთლინად დიდ პროცესს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას დააზიანებს“.

პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისასა, ნიკა მელიამ ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის არა ბრძოლა ძველ და ახალ თაობას შორის, არამედ „ძველსა და ახალ მიდგომებს შორის, ძველსა და ახალ მეთოდებს შორის“. „ეს არ არის პერსონალური ბრძოლა, არამედ არის ღირებულებითი ბრძოლა, ცივილიზაციური ბრძოლა არის დღეს პარტიაში“, – დასძინა მან.

მანვე დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილთან რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი გვერდის ავლით პარტიაში „არაფორმალური გავლენის“ შემოტანის მცდელობა ჰქონდა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. „თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის“, - თქვა მელიამ.

მისი აზრით, „არაფორმალური მმართველობა არის „სახელმწიფოებრივი ჭირი“ და ამიტომ ვერ დაუშვებს ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრებას პარტიაში.

შს ყოფილ მინისტრზე საუბრისას, ნიკა მელიამ აღნიშნა რომ მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც იგი ოპოზიციის სახელით გლდანის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს. მისი თქმით, მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული მისი საარჩევნო შტაბის „დანგრევაში“.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა ყოფილ შს მინისტრს, მელიამ უპასუხა – „მან ეტყობა ჩათვალა, რომ თუ ახლა მელია გლდანში გამარჯვებას მოიპოვებს, თანაც ერთადერთი გამარჯვებული ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება, ამას მერე პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრეც“.

მე, როდესაც ვიცი, რომ ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც უნდა გავლენის მოპოვება პარტიაში, მე ან რა სინდისით, ან რა მორალით უნდა ვეცადო და დავარწმუნო და დავაჯერო ნებისმიერი ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს აღარ გაიმეორებს და აღარ ჩაიდენს“, – იკითხა მელიამ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, სადაც სავარაუდოდ, ნიკა მელია, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს, ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა დიახაც ნიშნავს მის ლეგიტიმაციას“.

მელია დარწმუნებულია, რომ ჩანაწერების გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი იყო. „მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე… სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების დიდ ნაწილს უნდა განვითარებულ, დემოკრატიულ, ფორმალური მმართველობის ქვეშ ცხოვრება, სადაც მსგავსი სიბინძურე ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება“, – განაცხადა მელიამ.

მანვე დაამატა, რომ ჩანაწერის გავრცელებამდე თვენახევრით ადრე, მას კონკრეტული პოლიტიკოსები საკუთარი ტელეფონებით „დაატარებდნენ და ასმენინებდნენ“ ადამიანებს, მისი გავრცელების შემდეგ კი – მსგავსი ქმედება ფორმალურად დაგმეს.

როცა ვიცი, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები დაატარებდნენ და ასმენინებდნენ ადამიანებს, ახლა რა ვთქვა, რომ სუს-მა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაატარებინებდნენ სხვადასხვა ადგილში და ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებთ?“.

ენმ-ის თავმჯდომარეობის პოსტზე კონკურენტებზე საუბრისას, ნიკა მელიამ ყურადღება მხოლოდ ლევან ხაბეიშვილზე გაამახვილა და თქვა, რომ იგი კანდიდატად მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა დააყენეს და მას კონკურენტად არ აღიქვამს. „მართლა რატომ ჩააყენეს ამ მდგომარეობაში ლევან ხაბეიშვილი? იმიტომ, რომ იფიქრე, რომ ეს ადამიანი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის, გამოირჩევა აგრესიით და ამ ადამიანის თაობაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ“, – განაცხადა მან.

მელიამ ისიც გაიხსენა, თუ როგორ დაითანხმა წარსულში ლევან ხაბეიშვილი ნახევარ საათში, რომ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ნაციონალურ მოძრაობაში წასულიყო. „[ამიტომ] არ მიკვირს, რასაც მიკეთებს, აკეთებინებენ უფრო სწორად. ნახევარ საათში მე დავითანხმე რომ წამოსულიყო [“სტრატეგია აღმაშენებლიდან” – რედ.] და ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადებები შესთავაზა … ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ, გამოირჩევა ლოზუნგური აზროვნების მაგალითებით“.

დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და ღირსება ფულზე, ანგარებით ინტერესებზე“, – განაცხადა მელიამ ინტერვიუს დასასრულს და დასძინა, რომ არჩევნებიდან მალევე პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება და „საკვანძო თანამდებობებს დაიკავებენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან ერთგულნი იმ სტრატეგიისა და ღირებულებებისა, რომლებიც უმრავლესობას გვაქვს“.

გამარჯვებულს მიულოცავს ყველა კანდიდატი და ხელს არ შეუშლის პარტიის გაძლიერებაში და გამარჯვებული დაიწყებს პარტიის გაძლიერებას და არა ანგარიშსწორებას“, – განაცხადა მელიამ და კონკურენტებსაც იმავესკენ მოუწოდა.

ნიკა მელიას ინტერვიუს გუშინვე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი და მას პასუხისმგებლობისგან „აბსოლუტურად დაცლილი“ უწოდა. „არანირი გეგმა, არანაირი საქმე … არანაირი პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობა, არანაირი მისი გადაყვანის გზები, არანაირი მოქმედება, არანაირი მოძრაობა … არანაირი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, არანაირი შეხვედრები, არანაირი საქმიანი განხილვა, არანაირი არაფერი …. მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა, ბლა ბლა ბლა და ბოლოს „სისხლიანი 9 წელიო“, – დაწერა მან Facebook-ზე.