სამართალი
IDFI საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნაკლოვანებებზე საუბრობს

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 16 იანვარს საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ ხელმისაწვდომობაზე 2022 წლის დეკემბერის მდგომარეობით არსებული ვითარების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „საჯარო უწყებების უმრავლესობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მაღალი სტანდარტით და თანმიმდევრულ გამოქვეყნებას“.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 128 საჯარო დაწესებულებაზე დაკვირვების შედეგებს მოიცავს, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 60% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება, ხოლო 2014-ისას კი – 11 %-ით ჩამორჩება.

2021 წელთან შედარებით ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი 14 ცენტრალური დაწესებულებიდან 7-მა გააუარეს. რაც შეეხება სამინისტროებს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს, მათი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 3%-ით გაუმჯობესდა. თუმცა, „მათ 43%-ს, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 50%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე“.

ამასთან, იმ საჯარო დაწესებულებიდან, რომელთან ორგანიზაცია აკვირდებოდა, 13-ს, მათ შორის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკუთარი ვებგვერდი საერთოდ არ ჰქონდა. ასევე, 17-ის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან საერთოდ არ იყო ან მასში ინფორმაცია საერთოდ არ იყო წარმოდგენილი.

2022 წელს, ინფორმაცია შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით, სრულყოფილად, მხოლოდ 3 საჯარო დაწესებულებას (საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ჰქონდა გამოქვეყნებული.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, ამ კუთხით ყველაზე დაბალი შეფასება – 30% – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს, შემდეგია მთავრობის ადმინისტრაცია – 34%-ით და საგარეო საქმეთა სამინისტრო 35%-ით. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კი შინაგან საქმეთა (97%) და თავდაცვის (96) სამინისტროებს აქვთ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით არსებულ პრობლემაზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ამგვარი ინფორმაცია ღია მონაცემების სახით (მაგ. CSV ან XML) არცერთ საჯარო დაწესებულებას ჰქონდა, 38-კი – ფინანსური ინფორმაცია Excel-ის ფორმატში ჰქონდა წარმოდგენილი.

ამ კონტექსტში, ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი კვლავ 2014 წლის მდგომარეობით არის წარმოდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „მთავრობის ადმინისტრაცია 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს“.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით არსებული პრობლემების პარალელურად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ 2022 წელს ცალკეული უწყებების მხრიდან ამ კუთხით გადადგმულ დადებით ნაბიჯებზეც ამახვილებს ყურადღებას. ამ კონტექსტში, ორგანიზაცია აჭარის მთავრობის მიერ გაუმჯობესებული დადგენილების მიღებასა და ვებგვერდზე შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების დაწყებას აღნიშნავს.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ცალკეული უწყებები ზოგიერთი კატეგორიის ინფორმაციას ჩაშლილად და დეტალურად ანთავსებენ. ამის მაგალითებად IDFI სტატისტიკის ეროვნული სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასახელებს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, IDFI-ის 2020 წლის მონიტორინგის შემდეგ, საკუთარ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განყოფილება 7-მა საჯარო დაწესებულებამ შექმნა და მასში საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო.

IDFI-ის რეკომენდაციით, საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ:

საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას უნდა აქვეყნებდნენ დეტალური სახით, კერძოდ თანამდებობის პირთა სახელებისა და გვარების მითითებით;

უნდა დაინერგოს საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნებისა და მათი ღია მონაცემების პორტალზე data.gov.ge-ზე განთავსების პრაქტიკა.