სამართალი
გია ვოლსკი: თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი სააკაშვილი ის რესურსია, რაც ოპოზიციას აქვს, რომ საკუთარ ქვეყანას ებრძოლოს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. სააკაშვილის ინტერესი იყო და ეს ინტერესი დღესაც აშკარაა, რომ განუზომელი რესურსი ჰქონდეს და ხელისუფლებას მართავდეს იმ მეთოდებით, რასაც 2012 წლამდე ახორციელებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „გიული ალასანიას განცხადება, მისი მიმოხილვა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფაქტორი „ნაცმოძრაობისთვის“ არ არის მეორეხარისხოვანი“.

2008 წელს, თუნდაც, 2003 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, რუსეთს საკმაოდ სერიოზული ფაქტორი მაშინაც ეკუთვნოდა. რუსეთის სტრატეგიული ინტერესი იყო და არის, ფლობდეს გავლენას იმ რეგიონზე, რომელიც შეიძლება, გამოდგეს ალტერნატიულ დერეფნად ენერგორესურსების მისაწოდებლად დასავლური ბაზრებისთვის საქართველოს გავლით. იმ პერიოდში სააკაშვილის ინტერესი იყო – და ეს ინტერესი დღესაც აშკარაა – რომ ხელისუფლებას მართავდეს, განუზომელი რესურსი ჰქონდეს და მართავდეს იმ მეთოდებით, რასაც ის 2012 წლამდე ახორციელებდა. 2008 წელს, ომის წინა პერიოდში, გაერო-ს უშიშროების საბჭოში არცერთი განცხადება არ შესულა, რომ რეალურად ეს საფრთხეები არსებობდა. არც მას შემდეგ, პირიქით, სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულება მიუთითებდა, რომ რუსებმა მხოლოდ 8 აგვისტოს გამოიჩინეს აგრესია და რომ არა ჩვენი სტრატეგიული გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში, რასაკვირველია, სამართლებრივად ეს თემა ასეთი გაურკვეველი დარჩებოდა. ამ გამარჯვებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეზოლუციას მოაწერეს ხელი და 2008 წლის აგრესია იყო გამართლებული. ეს ის რეალური ფაქტებია, რაც არსებობს.

გიული ალასანიას განცხადება, მისი მიმოხილვა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფაქტორი არ არის მეორეხარისხოვანი „ნაცმოძრაობისთვის“ და პირადად სააკაშვილისთვის. გიული ალასანიას საუბარი არ არის სპონტანური, რაღაც მოუფიქრებელი სიტყვათა წყობა. გიული ალასანიასგან ჩამოყალიბებული პოზიცია მოვისმინეთ, რომელსაც სხვას უზიარებს. ჩემთვის საკამათო არაფერია. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ცუდად მყოფი, თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი სააკაშვილი სწორედ ის რესურსია, რაც ოპოზიციას აქვს იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას ებრძოლოს და მათი მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მაგალითი არსებობს. ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში გარკვეული გამოტოვებული რგოლი, რომელიც პროცესებს აღწერს, გიული ალასანიამ წარმატებით შეავსო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.

„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.