სამართალი
გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი: სააკაშვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა სიკვდილი? - ჩემი პასუხია, დიახ!

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი მიიჩნევს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის იმ მდგომარეობამ, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება, შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

ამის შესახებ ფინკელმა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე: „ამ ტიპის მკურნალობით, რა მკურნალობაც უტარდება და დინამიკაში მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა დადგეს სააკაშვილის სიკვდილი თუ მას სასწრაფოდ არ გაეწევა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მესამე დონის კლინიკებში კვალიფიციური მკურნალობა?“ - გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის დიაგნოსტირება და მკურნალობა.

„პირველი კითხვა იყო, საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა სიკვდილი? - ჩემი პასუხია, დიახ! დღევანდელი მდგომარეობით, ეს 47%-იანი წონის კლება, რომელიც სახეზე გვაქვს და რომელიც გრძელდება, თუ არ გვექნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიკვდილამდე“, - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

ამასთან, ადვოკატმა დააზუსტა, იყო თუ არა მისი ეს პოზიცია კატეგორიული.

„დიახ, კატეგორიულიც არის და ძლიერიც“,- აღნიშნა ფინკელმა.