სამართალი
გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი: მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ში დამტკიცებული არ არის.

როგორც მან გუშინდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, კვლევა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ჩაატარა, თუმცა პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გაუსინჯავს.

„მედიკამენტები არ არის დამტკიცებული აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა გასტროენტეროლოგმა.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ გაუსინჯავს.

„ვფიქრობ, რომ კვლევა ქართული კანონმდებლობის თანახმად ჩავატარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გამისინჯავს“, - განაცხადა ექიმმა.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ მის მიერ დაუმტკიცებლად წოდებული ყველა პრეპარატი საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისია, გასტროენტეროლოგმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც კარგი პრაქტიკის სტანდარტებს ეხება“,-აღნიშნა მან.

პენიტენციური სამსახური დაინტერესდა, რამდენად დასაშვებია, აშშ-ში ადამიანი დაიგნოზს სვამდეს და ეს ლაბორატორიულად არ დასტურდებოდეს, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია.