საზოგადოება
ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი „სიკვდილის ქრონიკა“ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ანდრეი კასიანოვის განცხადება გასაოცარია - პირდაპირი მანიპულირებაა, რადგან უკრაინას იარაღი არ გადმოუცია ჩვენთვის, 2007 წელს საქართველომ ოფიციალურად შეიძინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინისთვის „ბუკის“ კომპლექსების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება, რომ უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი, გარკვეული დარტყმის ქვეშ დგება აშშ-ის ოფიციალური პოზიცია.

„რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარია ამ ადამიანის განცხადება. ნახეთ, როგორი დამაბნეველი ფორმულირებით აკეთებს განცხადებას: უკრაინამ 2008 წლის ომის დროს რომ გადასცა საქართველოს გარკვეული შეიარაღება, ახლა ჩვენ ვომობთ და დაგვიბრუნეთო. აშშ-მა რომ გადმოგცათ "ჯაველინები", ისიც მოგვეცითო. სწორედ აქ არის პირდაპირი მანიპულირება, რადგან ეს იარაღი არ გადმოუცია ჩვენთვის, 2007 წელს საქართველომ ოფიციალურად შეიძინა ეს შეიარაღება და 2008 წლის ომი საერთოდ არ არსებობდა, ეს არის ფაქტობრივი მანიპულაცია.

მეორე, თითქოს აშშ ეუბნებოდა საქართველოს, რომ შენ თუ გადასცემ უკრაინას ამ "ჯაველინებს", ამერიკა ამას ჩაგვინაცვლებდა ახალი სხვა იარაღით, აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ არასდროს საქართველოსგან ისეთი ქმედება არ მოგვითხოვია, რაც რაიმე პროვოცირების მიზეზი გახდებოდა მათ შორის რუსეთთან, ხოლო კასიანოვის ამ განცხადებით პირიქით, გარკვეული დარტყმის ქვეშ დგება აშშ-ის ოფიციალური პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც საქართველოში „ბუკ“-ის გამოყენებას ასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ამ ადამიანზე გუშინ გვეუბნებოდნენ, რომ ისეთი დემენცია სჭირს არაფრის გახსენება არ შეუძლიაო და დღეს ზუსტად ჩამოაყალიბა ვინ, რა დროს და რა გვარი იყო ინსტრუქტორი, პოლკოვნიკი და როდის და ვინ დაღუპა. წერს, რომ იანუკოვიჩმა პუტინის დავალებით იუშჩენკოს რაღაც დაუწყოო, მასაც პუტინმა დაავალა ბრწყინვალების ორდენით რომ დააჯილდოვა იანუკოვიჩი? - ასეთ მანიპულირებაში გვამყოფებენ და ამ დროს საქართველოს აქვს ეგზისტენციალური პრობლემები გადასაწყვეტი. ამ ადამიანმა თავისი „კოკოითი ფანდარასტი" პოლიტიკით სადამდე მიიყვანა საქმე და რა შედეგები დაუდგა საქართველოს ჩვენ ყველამ დავინახეთ. პასუხისმგებლობა სად არის ახლა მისი? გაქცეულია პასუხისმგებლობისგან და დღესაც როგორც შეუძლია მაქსიმუმს აკეთებს, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი „სიმულაციურად კვდება“ და ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

„ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, დივერსანტი შემოვუშვით, დივერსანტია გამოსახსნელი. არჩეულია ეს გზა - ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ამ თემას საერთაშორისო გარკვეულ ლობისტურ დონეზე მუდმივად „ათუხთუხებენ“. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის არ სჯერა და ეს ჩანს, მაგრამ პროექტს საქართველოს წინააღმდეგ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი და ამ თემას მუდმივად აცოცხლებენ. რომელ „მაგნიტსკის სიაზე“ და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, როდესაც გაიგზავნა მისი საქმე და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.