უცხოეთი
ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა „დოჟდის“ ეთერში საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] დაინტერესებული არიან ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის შესახებ, რაც, მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“, - განუცხადა გროზევმა ტელეკომპანიას.

გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია პოლიტიკოსის ნიმუშები, გაიარა კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია, სავარაუდოდ, არსებობდა.

გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივი - სააკაშვილი „შეყვანილია „ეფ-ეს-ბე“-სა და „სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს“ მტრების წრეში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“.

ცნობისთვის, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ხრისტო გროზევს მიმართა. სააკაშვილი მიმართვაში საუბრობს იმაზე, რომ „საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა» მის თმასა და ფრჩხილებში და გროზევს მოუწოდებს, თუ შეუძლია გამოიძიოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები, რაც სააკაშვილის შეფასებით მნიშვნელოვანი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

interpressnews.ge