აქტუალური
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ მას არაერთხელ შევთავაზეთ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკამ პოლონურ გამოცემა PAP-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია“, - განაცხადა სეიმის ვიცე- სპიკერმა.

მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, ქართულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს.

საუბრებსა და წერილებში ხშირად ვთავაზობდით სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში წაყვანას. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია. ჩვენ ვთხოვეთ და შევთავაზეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო კომისიას შეეფასებინა. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია“, - აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკამ.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სააკაშვილმა მკვეთრად დაიკლო წონაში და გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რაც, სავარაუდოდ, ნეიროტოქსინებით მისი მოწამვლის შედეგია.

ეს ნეიროტოქსინები როგორღაც მოხვდა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში პატიმრობაში ყოფნის დროს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ არის პასუხისმგებელი და ამას მათთვის შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცე- სპიკერმა.