სამართალი
მაკფოლი: ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა უნდა წამოაყენონ

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. "მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას", - ამ სათაურით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი The Washington Post-ში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

მაკფოლი მიიჩნევს, რომ ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა სააკაშვილის სიკვდილი არ უნდა დაუშვან და მისი გადარჩენის მოთხოვნა უნდა წამოაყენონ. მოსაზრება სრულად:

"სანამ მსოფლიო სამართლიანად არის კონცენტრირებული უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე, რუსეთის ლიდერი მსოფლიოს სხვა ადგილებში საკუთარ დესტაბილიზაციას და ანტიდემოკრატიულ დღის წესრიგს აწინაურებს. მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საქართველო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე - რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.

ახლა, იქ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იტანჯება, ზოგიერთი ცნობით - სიკვდილის პირასაა. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. დადგა დრო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გლობალური კამპანია დაიწყოს - სწორედ მისი წარსულში საკუთარ სამშობლოში დემოკრატიის მსახურებისთვის.

ორი ათწლეულის წინ სააკაშვილი უცნობობიდან გამოვიდა, რათა დემოკრატიული გარღვევების მსოფლიო გმირი გამხდარიყო. 2003 წელს სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ვარდების მშვიდობიან რევოლუციას საქართველოში, დაამხო ცნობილი კორუმპირებული რეჟიმი და ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა ლიდერების პრო-დემოკრატიული გუნდი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპისკენ სვლას.

როგორც ყველა რევოლუციას, ვარდების რევოლუციასაც ჰქონდა თავის სადავო საკითხები. სახელმწიფოს ძალაუფლების გამყარებითა და ენდემურ კორუფციასთან გამკლავებაზე ორიენტირებული სააკაშვილი ზოგჯერ დემოკრატიის ნორმებს ცდებოდა, თუმცა საქართველოს ზოგადი დემოკრატიული კურსი სააკაშვილის ეპოქაში ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა.

სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პოსტსაბჭოთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები განახორციელეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას, სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ძალაუფლების გადაცემას მშვიდობიანი არჩევნების გზით. სწორედ ამას აკეთებენ დემოკრატები.

დასავლეთის დემოკრატიული ლიდერები სააკაშვილს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც შთამაგონებელ დემოკრატსა და ეფექტიან რეფორმატორს. ვარდების რევოლუციის დროს წარმატებულად გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი, გამოიყენეს უკრაინაში 1 წლის შემდეგ, ნარინჯისფერ რევოლუციაში.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობები დაამყარა, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის სახელი დაარქვეს. როგორც ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აღფრთოვანებული იყო ქართველი ლიდერით. (მათი ურთიერთგაგების მომსწრე გავხდი, როცა 2009 წელს ბაიდენს ვახლდი საქართველოში ვიზიტისას, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამდებობის პირი.) პატივისცემა იყო გულწრფელი. სააკაშვილი არ იყო სრულყოფილი; მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის მიღწევები ისტორიული იყო.

თუმცა, იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სააკაშვილი სძულდა - ვლადიმერ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი წარმოადგენდა და ის მიზანდასახული იყო, აღეკვეთა სააკაშვილის მონდომება გაემყარებინა საქართველოს პოზიციები დასავლეთში.

რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი [სააკაშვილის] განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. პუტინს ეშინოდა ფერადი რევოლუციების საქართველოსა და უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას. 2008 წლის აგვისტოში პუტინმა წარმოაჩინა თავისი სახე, როდესაც შეიჭრა საქართველოში. მოგვიანებით, მან საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რითაც ბრიუსელში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი გაყინა.

როდესაც რუსული ტანკებო საქართველოს დედაქალაქისკენ, თბილისისკენ მიემართებოდნენ, ზოგიერთი სააკაშვილს გაქცევისკენ მოუწოდებდა. ისევე როგორც გასულ წელს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სააკაშვილმაც დარჩენა გადაწყვიტა. პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ეცადა სააკაშვილის დაკავება, მოკვლა ან საქართველოში ხელისუფლების სამხედრო გზით გადაგდება, თუმცა რუსეთის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტისთვის ძირის გამოთხრაზე ორიენტირებული დარჩა. (დღესაც, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიისოკუპირებული აქვს).

პუტინმა და მისმა მარიონეტებმა მალე გამოთვალეს როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუციები რუსეთის ლოიალისტების ძალაუფლებაში მოსაყვანად, რასაც ხელმძღვანელობდა საქართველოში პუტინის მთავარი წარმომადგენელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი (რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და არა საქართველოში). ივანიშვილის პარტიამ - ქართულმა ოცნებამ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის ეროზია, რამაც მკვეთრად შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია.

გასულ წელს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების კანდიდატებად, მაგრამ არა საქართველო. საქართველოს შემცირებული სტატუსის დრამატიზებას ამაზე უკეთ ვერაფერი შეძლებდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა უფრო ავტოკრატიული და რუსეთის მიმართ მეგობრული გახდა, სააკაშვილი აქ საკუთარ როლს ვეღარ ხედავდა და უკრაინაში წავიდა, სადაც ის რამდენიმე თანამდებობას იკავებდა - წარმატების სხვადასხვა ხარისხით.

თუმცა, ემიგრაციაში ცხოვრება მას სწორად არ მიაჩნდა. მას სურდა, საქართველოს მცოცავი ავტოკრატიის უკუქცევა. ამიტომ, 2021 წელს ის დაბრუნდა [საქართველოში]. ეს შეცდომა იყო. ხელისუფლებამ ის სწრაფად დააკავა "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" ბრალდებით და ამის შემდეგ ის პატიმრობაშია. მისმა უფლებადამცველებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის შესაძლოა მოწამლული იყოს. ბოლო სურათებმა კლინიკიდან, სადაც ის ახლა იმყოფება, აჩვენა, რომ ის გამოფიტული და დეზორიენტირებულია.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა. ბაიდენმა და სხვებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიწყალოს და საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნება დართოს - ზომა, რომელიც უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც გამოაცხადა.

სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. არავის ესმის ეს ზელენსკიზე კარგად, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართ. ზელენსკი სწორად მოიქცა.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მას უნდა მიბაძონ. თავისუფალი სამყარო უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად ერთად დადგა. იგივე უნდა გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაშიც, სააკაშვილის გათავისუფლებაზე ზეწოლით", - წერს მაკფოლი.