სამართალი
„ახალი მემარჯვენეები“ სოსო ჯაჭვლიანის გათავისუფლებას ითხოვენ

soso_jachvliani2როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში მათ მიმართ, ვინც შიმშილობს, განსაკუთრებულ თანაგრძნობას იჩენენ. საერთაშორისო ნორმებით პირდაპირ აღიარებულია, რომ ასეთი ადამიანების მიმართ შესაბამისი ორგანოების დამოკიდებულებას უნდა განსაზღვრავდეს ჰუმანიზმის პრინციპები და მისი ღირსების პატივისცემა“.

„ახალი მემარჯვენეები“ შეწუხებული ვართ მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 26 მაისის შემდეგ შიმშილობს. ადმინისტრაციული სასჯელის სახით მას 30-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჯაჭვლიანის ფიზიკური მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დროებითი დაკავების იზოლატორიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოსო ჯაჭვლიანი 2011 წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ აქციის დაშლის დროს დააკავეს. მას შემდეგ მსახიობი დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ამ დრომდე შიმშილობას არ წყვეტს.