აქტუალური
ლევან ხაბეიშვილი: სააკაშვილის მხარდასაჭერად ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. სააკაშვილის მხარდასაჭერად ვიკრიბებით ხვალ, 18:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წელს თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევა.

მოგეხსენებათ, 4 იანვარს ჩვენი ქვეყნის, მიშას და ჩვენმა მეგობარმა მარკ ფეიგინმა მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დააანონსა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები. შესაბამისად, 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები.

4 იანვარს, 18:00 საათზე მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში ორ ლოკაციაზე. ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი. თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა გავიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის, ბოროტების გარეშე გველოდებიან. მსოფლიოს მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება თავისუფლების, მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ.

საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა ამ ბოროტი ძალისგან საქართველოს გათავისუფლება მოვახერხოთ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მის მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე დედაქალაქში, სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ხვალ სახელმწიფო კანცელარიიდან ასევე გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარში გაჩხერილი არის ბიძინა ივანიშვილი და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი. ხვალ გელოდებით ორ ლოკაციაზე. ეს არის 18:00 საათზე შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი და სახელმწიფო კანცელარია, საიდანაც მსვლელობა გაიმართება ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.