სამართალი
გია ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია, რომ პრეზიდენტი ისეთ შეცდომას დაუშვებს, როცა რეალიზებული იქნება გარკვეული პიარკამპანიის თაღლითური სქემა

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ამას წინათ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანები შეიკრიბნენ და არ შეიძლება საუბარი, თითქოს მათ საპროტესტო აქციას ვიღაც აორგანიზებს.

გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის პასუხი ორაზროვანი იყო და აქციასთან დაკავშირებით თავშეუკავებელი კომენტარები გაკეთდა.

„გუშინ ვინც შეიკრიბა, ეს ხალხი არის დაზარალებული და ოჯახის წევრები სასტიკად ნაწამები ან მოკვდინებული ჰყავთ. ასევე, მათ წაართვეს ქონება და ღირსება. არ შეიძლება ამ ადამიანებთან ისე საუბარი, რომ მათ საპროტესტო აქციას ვიღაც უკეთებს ორგანიზებას. ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ, როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები, რომლის უკან შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რაც უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერსებს, ემოციას, ასევე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მისი პასუხი აბსოლუტურად ორაზროვანი იყო. არ ველოდები და ვერც წარმომიდგენია, რომ ისეთ შეცდომას დაუშვებს, როცა იქნება რეალიზებული გარკვეული თაღლითური პიარკამპანიის თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან 28 დეკემბერს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა, მოგვიანებით კი ბრიფინგი გამართა.