სამართალი
ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ხელისუფლებას სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანისკენ მოუწოდებენ

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირი 23 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამომ, სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება“, – აცხადებენ ისინი.

მათივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის „წამებით მოკვდინების აქტი არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას“.

ხელმომწერები ხაზგასმით განმარტავენ, რომ არ განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს, უბრალოდ ხაზს უსვამენ, რომ „[საქართველოს] კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“.

ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აცხადებენ ისინი.

იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი „იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ“, განცხადების ავტორების „მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობას“ სწორედ ხელისუფლებას აკისრებენ.

მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები“ და „ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი“.

[ამასთან], გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომელებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ისინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის „გმირულ ბრძოლაზეც“ ამახვილებენ ყურადღებას და სვამენ კითხვას – „[თუ] როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენ მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?“.

ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე“, – აცხადებენ ხელმომწერები და საზოგადოებას ამ მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

სხვებთან ერთად ხელმომწერთა შორის ასევე არიან: საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი (2013-2018 წწ); პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები – დავით უსუფაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი (2012-2016 წწ), დავით ბაქრაძე (2008-2012 წწ) ნინო ბურჯანაძე (2004-2008 წწ); გეგა მგალობლიშვილი – პრემიერ-მინისტრი (2008-2009 წწ); თემურ იაკობაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2008-2011 წწ); ეკა ტყეშელაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2010-2012); ასევე, ქართული ოცნების მთავრობის მინისტრები – თინა ხიდაშელი – თავდაცვის მინისტრი 2015-2016 წლებში; ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი 2012-2014 წლებში; პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 2012-2014 წლებში; ასევე პარლამენტი ყოფილი დეპუტატები ლევან ბერძენიშვილი კოალიცია ქართული ოცნებიდან (2012-2016 წწ); ეკა ბესელია – კოალიცია ქართული ოცნებიდან (2012-2016 წწ); ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გივი თარგამაძე და სხვ.