პუბლიკაციები
გლახარია-თვალთარია გამოჩნდა!

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში, საქართველოში პრეზიდენტებად და პრემიერებად უცნაური პერსონაჟები ინიშნებოდნენ, რომლებიც პირველივე დღიდან ან რამდენიმე კვირის შემდეგ მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მტრები ხდებოდნენ, რომელმაც მათ დანიშვნებში/არჩევნებში საკმაოდ დიდი საკუთარი რესურსი - გავლენა და დოლარი „ჩადო“. მსოფლიო პოლიტიკამ არ იცის ასეთი პრეცედენტი, თავად განსაჯეთ - პრეზიდენტები მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრები კვირიკაშვილი და გახარია და ბევრი სხვა, ვინც დღეს „ოცნების“ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ავანგარდში დგას. მაგალითად, გიორგი გახარია, რომელსაც მოსკოვში კონტრაქტი დაუმთავრდა, ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქართულ ოცნებას, ხოლო საბოლოოდ გახარია ოპოზიციის მხარეზე გადავიდა. ტყუილად როდი უწოდებენ საქართველოში გახარიას „გლახარიას“ და თვალთხარიას.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ 23 დეკემბერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატატუსის მიღების პროცესში არასათანადო ძალისხმევისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა და შედეგებზე პასუხისმგებლობა „ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

ყოფილი პრემიერის თქმით, დღეს საქართველოში ისეთი პერიოდია, რომ „არსად გაქრება“ ის, თუ „ვინ სად იდგა, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ რას აკეთებდა“ და „თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება“. ამ კონტექსტში მან ბიძინა ივანიშვილი ახსენა და თქვა – მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს და უახლოეს ერთ-ორ წელში გამოჩნდება იმ მიღწევებისა და შეცდომების შედეგი, რომლებიც „ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ დაუშვა“. მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ და ვიყენებდეთ შესაძლებლობას, რომელიც დღეს „შემთხვევით“ გაჩნდა და ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი, „ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ“.

ამ კონტექსტში მან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ევროკომისიის მხრიდან მინიჭებულ ევროპულ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ასე სწრაფად, არ იქნებოდა“.

ყოფილი პრემიერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მოსახლეობის სრული კონსენსუსია და ამას მხარს მოქალაქეთა 85% უჭერს, „ვიღაცა გამოდის იდიოტი და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა“. „აბა იმ 85% ადამიანებს ჰკითხონ, უნდათ თუ არა ასეთი ევროპა, უნდათ ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა?“, – ხაზი გაუსვა მან.

რა თქმა უნდა, ამ პირობებში, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული, ისტორია ამას შეაფასებს, აგერ ნახავთ, მე დარწმუნებული ვარ ამაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი ამას საკუთარ თავსაც ეუბნება.

ყოფილი თანაგუნდელის კრიტიკას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა და იკითხა, რა ხდებოდა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც პრემიერი თავად გიორგი გახარია იყო.

ეს, ასე ვთქვათ, ორმაგი სტანდარტები და ეს დამოკიდებულება მის ქვემოთ წასულ რეიტინგს კიდევ უფრო ქვემოთ დასცემს“, – თქვა დეპუტატმა სამხარაძემ და დასძინა, რომ საბოლოოდ გიორგი გახარია ცუდად დაამთავრებს და საერთოდ „გაქრება პოლიტიკური ველიდან“, როგორც უწინასწარმეტყველეს.

ყოფილი პრემიერის განცხადებას, ქართული ოცნებიდან გასული მიხეილ ყაველაშვილიც გამოეხმაურა და აგრეთვე ყოფილ თანაგუნდელს ის პერიოდი შეახსენა, როდესაც ოპოზიცია მას „თვალთხარიას“ უწოდებდა, უმრავლესობის წევრები კი – მასზე გადაფარებულნი იყვნენ და „მკერდით“ იცავდნენ. ამ აგენტურული ქსელის მონაწილე არის ეს შენი გიორგი გახარიაც… ფაქტია, რომ გაიყიდა ეს ადამიანი და აორთქლებულია სივრცეში“, – დასძინა მან.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა“. გახარიას გადაწყვეტილებას წინ მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უძღვოდა.

გადადგომიდან მალევე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებდა. 2021 წლის მაისში, მან ახალი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა და საკრებულოს თვმჯდომარის არჩევის პროცესში გადამწყვეტი როლიც შეასრულა.

გადადგომამდე, გიორგი გახარია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით 65%-ით პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი მოწონებით სარგებლობდა. IRI-ის ბოლო, ნოემბრის კვლევით მისი პერსონალური რეიტინგი 37%-მდე შემცირდა, მის პარტიას გამოკითხულების 3% უჭერს მხარს. საგულისხმოა, პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედის“ დაკვევით სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც გახარიას პარტიას 1%-იანი მხარდაჭერა აქვს.