სამართალი
მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა არ მოინდომეს ომბუდსმენის არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ხვალ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც ჩამოყალიბდნენ საერთო კანდიდატზე.

მოგეხსენებათ, ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ შედეგი, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომელთაგანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, ერთი ამოერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ, საგაზაფხულო სესიაზე მაინც, რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ.

პრაქტიკულად, იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით. წარმოდგენილია 32 კანდიდატი. უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას და ჩვენ ეს ზეპირი კონსულტაციების დროსაც განვუცხადეთ. ჩვენი ოპონენტებისთვის სიურპრიზი არ იქნება, რომ ამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნახევარს მაინც მხარი დავუჭიროთ. 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია, დავუჭიროთ მხარი, თუმცა არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზაობაა ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც ორ კანდიდატზე არიან ჩამოყალიბებული და იმის იქით არავის მხარდაჭერას არ აპირებენ. ჩვენ საგაზაფხულო სესიისთვის შევეცდებით, ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ. საბედნიეროდ, ევრორეკომენდაციის შესრულებაზე გადაწყვეტილება, მისი ბოლო ვადა წელს არ არის. წლის ბოლოს იქნება ეს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ გვრჩება საშუალება, ამ საკითხებზე ინტენსიური მუშაობით შევთანხმდეთ საგაზაფხულო სესიაზე.

ორივე საკითხზე კენჭისყრები ჩატარდება ხვალ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რეგლამენტით დადგენილ ვადას გამოიყენებს ფრაქცია ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, სადაც მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებთან, შესაძლებელია, იყოს გასაუბრება და ამისთვის არის ორკვირიანი ვადა, მაშინ ვერ შევძლებთ კენჭისყრას. თუმცა, არ მგონია, რომელიმე ფრაქციას ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს დამატებით, გარდა იმისა, რომ კომიტეტებზე მოისმინეს, რაიმე განსაკუთრებული სურვილი ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ მოუსმინონ კანდიდატებს. ისედაც ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. ამას თუ მოინდომებენ, ვერავინ დაუშლის და მაშინ ვერ შედგება კენჭისყრა. სხვა შემთხვევაში, ყველა ვარიანტში, პირველ, მეორე და მესამე საკითხზეც – ეს ცესკო-შეეხება – კენჭისრა გაიმართება.

ოპოზიციის მიზანია, რეკომენდაცია ჩავარდეს და დაბრალდეს ხელისუფლებას. ფორმალურ კენჭისყრებს ვატარებთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ხვალ ფორმალური კენჭისყრები ჩატარდება. იკვეთება, რომ არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს, არც თეორიული, მათ შორის, რადგან ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა და ოპოზიციისგან – მზაობა. ოპოზიციის წარმომადგენლებისგან იმდენი ადამიანი არ ემატება რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერთა სიას, რომ აზრი ჰქონდეს საერთოდ კენჭისყრის ჩატარებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.