სამართალი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელების შესწავლა დაიწყო

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა 15 დეკემბერს, რომ მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მოტივით, კლინიკა „ვივამედში“ სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია ნაჩვენები. დაახლოებით 10-წუთიან ვიდეოში ექს-პრეზიდენტის სხვადასხვა მდგომარეობაა ნაჩვენები. კადრებში ჩანს, როგორ ეჩხუბება ის თანამშრომლებს და რამდენჯერმე სხვადასხვა ნივთებსაც ესვრის მათ. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ვარდება სააკაშვილი ლოგინიდან, ხოლო ვიდეოს ბოლოს ნაჩვენებია, რომ ის გადასაადგილებელი ჭოჭინის დახმარებით დადის.  

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ვიდეოს გავრცელების დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ასეთი კადრების გავრცელება „სისხლის სამართლის დანაშაულია“. მისი თქმით, ვიდეომასალა, რომელიც პერსონალური მონაცემია, სააკაშვილის ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა.

ხაჩაპურიძემ იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო და აგვისტოდან დეკემბრამდე სხვადასხვა პერიოდს ასახავდა, რომელიც „წარმოჩენილია იმ რაკურსით, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა“.