რელიგია
ყოვლადწმინდა სამების ლავრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.
ტაძარი სამნავიანი იქნება. მისი ძირითადი ფართობი 200 კვადრატული მეტრია. ეს იქნება პირველი ტაძარი, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების სახელზე აშენდება.
საძირკვლის კურთხევამდე უწმინდესმა შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს არის ბედნიერი დღე და მადლობა შესწირა უფალს, რომ აშენდება ტაძარი წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის სახელზე. ტაძარში ასევე იქნება ორი ტრაპეზი - წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირისა და წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელობის.პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი 11 წელი ბრძანდებოდა აფხაზეთის მიტროპოლიტი და ბოლო პერიოდში მან ეს წოდება აღიდგინა. უწმინდესმა დალოცა ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.
ტაძრის საძირკვლის კურთხევას წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, მრევლი და აფხაზეთიდან ჩამოსული შვილმკვდარი დედებიც ესწრებოდნენ.
ტაძრის მშენებლობის ინიციატორია მეომართა კავშირი. ასევე, ტაძარი აშენდება ფონდ "მზე შინა და მზე გარეთას" ფინანსური შემწეობით.