სამართალი
აფბა: „საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს!“

merab_janiashvili„საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში უნდა მოხდეს ანტიმონოპოლიური სამსახურისა და კანონმდებლობის აღდგენა“, – განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ხელმძღვანელმა მერაბ ჯანიაშვილმა 17 ივნისს ჩატარებულ ბრიფინგზე.

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, საქართველოში ბაზრების დიდი ნაწილი მონოპოლიზებულია, ხდება ახალი ბაზრების მონოპოლიზაცია. ის აცხადებს: „როდესაც თელასი გამოვა და იტყვის, რამდენსაც თვითონ მოინდომებს, იმდენი იქნება დღგ-ის გადასახადი, ან თბილისის წყალი, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაც კი დაარღვია და იმაზე მეტი ფასი დააწესა დღეს წყალზე, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ან მეორე მაგალითი, როდესაც ნავთობკომპანიები იკრიბებიან და ერთად წყვეტენ, ფასი გაზარდონ თუ შეამცირონ, ასეთი ფასი არასდროს არის სამართლიანი და ობიექტური. ეს, ჩვენი აზრით, იწვევს მომხმარებელთა უფლებების ძალიან სერიოზულ დარღვევას და სწორედ მონოპოლიზაციის მაღალი დონე არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია გვაქვს და შემცირებაც ვერ ხერხდება. ანუ, ჩვენ თუ გვინდა, ფასები რამეზე შემცირდეს, უნდა იყოს კონკურენცია. თუ კონკურენცია არ იქნება, შესაბამისად, ფასები ვერ შემცირდება. ავიღოთ ხორცის მაგალითი. აქ კონკურენცია არსებობდა, სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მოკლავდა ამ კონკურენციას. ანუ, ყველა ბაზარი, სადაც პირუტყვის ხორცი იყიდებოდა, ვალდებული იყო, ჰყოლოდა ვეტექიმი, რომელიც ხორცის ხარისხს შეამოწმებდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოიღო ნორმა, რომ თურმე ვეტექიმები უნდა ჰყავდეს მხოლოდ ორ – ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოებს და მხოლოდ იქ შეიძლება პირუტყვის დაკვლა. სხვა სასაკლაოებიც არსებობს საქართველოში, მაგრამ იქ დაკვლა და თბილისში ხორცის ჩამოტანა არ შეიძლება. როდესაც ხელისუფლება, მთავრობა მიდის ასეთ ნაბიჯზე – თვითონ ადგენს მათ რიცხვს, იქ კონკურენცია კვდება. ეს იწვევს სწორედ ფასების გაზრდას. ხორცზე 50 პროცენტით გაიზარდა ფასი და კიდევ გაიზრდება, თუ ეს რეგულაცია და ეს ნორმა დარჩება მოქმედებაში“.

„საქართველოს მთავრობა ანტიკონსტიტუციურ გზას ადგას, როდესაც დაჩქარებული წესით არ იღებს კანონმდებლობაში ანტიმონოპოლიური ნორმების რეგულირების საკანონმდებლო პაკეტს, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოში მონოპოლიები აკრძალულია, – ამბობს იურისტი არჩილ კაიკაციშვილი. –ჩვენი მოთხოვნაა, აუცილებლად აღდგეს 2005 წელს გაუქმებული ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი სრულყოფილი დაცვის ბერკეტებითა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმატივებით“.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებით, ხელისუფლება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღუდგენლობით საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პროცესს აჭიანურებს და საშუალებას აძლევს ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებსა და ოლიგოპოლიებს, გააგრძელონ ხალხის ძარცვა.

ასოციაცია მიმართავს ხელისუფლებას, დროულად შეასრულოს ევროკავშირისა და საქართველოს საზოგადოებისათვის მიცემული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა .

„მთავრობის უმოქმედობა გვაფიქრებინებს, რომ სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შეუქმნელობით ხელისუფლება საქართველოში არსებული ფარული მონოპოლიების ლობირებას ეწევა“, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.