სამართალი
ნიკა მელია: სააკაშვილის სასამართლო ჩაინიშნა 9 დეკემბერს, გადამწყვეტია ერთიანი მოქმედება

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, გადამწყვეტია ერთიანი, კონსოლიდირებული მოქმედება, რის გამოც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს თხოვნით მიმართავს, შეხვედრა გაიმართოს ხვალ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამოქმედო გეგმის განსახილველად.

მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13:00 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – წერს ნიკა მელია.