სამართალი
არასამთავრობოები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანებიან

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. 13 არასამთავრობო ორგნიზაცია, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მნიშვნელოვანი გაუარესების“ შესახებ „ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას“ ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

უფლებადამცველების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას მისი მნახველებებიც ადასტურებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტიც.

მათივე თქმით, „სამწუხაროდ“, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მნიშვნელოვნი დამძიმების“ შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, მისი უცხოეთში გადაყვანის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების მხრიდან „პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოჰყვა“. „[აღნიშული] ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის, მათ შორის, საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას „არა პოლიტიკური კონიუნქტურის“, არამედ ექსპერტთა რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს, „რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები“.