სამართალი
„აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი“ ცენზურაზე საუბრობს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. „აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი“ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მედიის საქმიანობაში ჩარევის გახშირებული ფაქტების გამო, რაც „მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სახელწმიფო მედიასაშუალებების რედაქციებზე ზეწოლას ახდენენ და ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონის კანონით მედიასაშუალებების „ცენზურა დაუშვებელია“.

ამგვარი ცენზურის მაგალითად ჟურნალისტთა კავშირმა აფხაზეთის სოციალური და პოლიტიკური ძალების 23 ნოემბრის შეხვედრაზე ჟურნალისტების არყოფნა დაასახელა. „სარწმუნო წყაროებიდან ვიცით, რომ მედიასაშუალებების რედაქციებმა მითითება მიიღეს, რომ არ დასწრებოდნენ და არ გაეშუქებინათ ეს ღონისძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არა მხოლოდ რედაქციების საქმიანობას ზღუდავს, არამედ არღვევს „მოქალაქეების უფლებას, რომ ოპერატიული, სანდო ინფორმაცია მიიღონ მედიის საშუალებით საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის შესახებ“.

ჟურნალისტთა კავშირი მოუწოდებს აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას, ასევე „პარლამენტის თავმჯდომარეს“ და „გენერალურ პროკურორს“, რომ რეაგირება მოახდინონ დარღვევაზე და ზოგადად, მედიაზე ცენზურის დაწესების მცდელობებზე.

„სიტყვის თავისუფლება ეროვნული საგანძურია… რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითა გამყარებული და არავითარ შემთვევაშში არ შეიძლება მოქალაქეთა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების რედაქციების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა“, – ნათქვამია განცხადებაში.