საზოგადოება
ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს უკვე ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციაში ამ კრიტერიუმებს ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს უკვე ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრად ჩამოყალიბებული სტრატეგია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორის, მკაფიო სტრატეგია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით, როგორი იქნება ეს გზა; მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორი წარმოუდგენია, მაგალითად, ერთ თვეში; სად გადის ეს თავისუფლების გზა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარება როგორი უნდა იყოს ქვეყნის, მათ შორის, როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. ასეთი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. მე მგონი, ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს. ბევრი ამოცანა გვაქვს ჩვენ შესასრულებელი, თუ ეს პარტია ასეთი იქნება, და ეს ჩემი ბრალი იქნება პირველ რიგში, არჩევნების შემდეგ მე ამ პარტიაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ“, – განაცხადა დეკანოიძემ.