საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ჩემმა კაბინეტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რომ გავერკვეთ, რა პროცესშია ახლა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ გავერკვეთ რა პროცესშია ახლა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სიახლეა ის, რაც ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

12 პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს და ამასთან დაკავშირებით რამე სახის ინფორმაცია ევროკავშირისგან არ გვქონია. სიახლეა ის, რაც ამერიკის ელჩმა ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით იმისთვის, რომ გავერკვეთ რა პროცესშია ახლა უკრაინული კანონი. ვიცით, რომ ვებ-გვერდზეც კი არის განთავსებული ეს კანონი, როგორც კანონი, რომელიც დასკვნის მოლოდინშია. ჩვენ გავარკვევთ ჯერ რა მდგომარეობაა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ქართული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უკრაინული კანონის ასლია, ამიტომ ვენეციის კომისიისგან დამატებითი აზრის მოსმენის საჭიროება არ იყო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.