სამართალი
რუსი მესაზღვრეები აფხაზებს უპატივცემულოდ ექცევიან, მიაჩნია ინალ არძინბას

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ 18 ნოემბერს, რეგიონში რუსეთის „ელჩთან“, მიხეილ შურგალინთან შეხვედრაზე მოსკოვთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება და „რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე“ წარმოქმნილი პრობლემების შესახებ აფხაზი „დეპუტატებისა“ და რიგითი მოქალაქეების წუხილები განიხილა.

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყების“ ცნობით, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრისას, რომლითაც აფხაზები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას „აფხაზეთის მოქალაქეობაზე“ უარის თქმის გარეშეც შეძლებენ, მხარეებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტის რატიფიცირების პროცედურები მასზე ხელმოწერისთანავე დაიწყო.

ამავე ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში რატიფიცირების შესახებ სიგელების გაცვლის დღიდან შევა.

ინალ არძინბამ შეხვედრაზე რუსი მესაზღვრეების მხრიდან მათი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის საკითხიც დააყენა. კერძოდ, არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზი „დეპუტატები“ ნოემბერში რუსეთში ვიზიტის შემდეგ რუსმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

არძინბამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჩივრები რიგითი მოქალაქეებისგანაც შემოდის, რომლებიც აცხადებენ, რომ FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლები მათ განმარტებების გარეშე დიდი ხნით აჩერებენ, რაც „საზღვარზე გადასვლას ართულებს“.

„ჩვენი თხოვნაა, რომ ჩვენს დეპუტატებსა და თანამოქალაქეებს პატივისცემით მოეპყრან“, – თქვა არძინბამ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხსენებულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის ნოტას გაუგზავნიან.

შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთ-ბელარუსის სამმხრივ ფორმატში ახალი მექანიზმების შექმნის საკითხიც განიხილეს, რათა „ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კავშირების მონიტორინგი და გააქტიურება მოხდეს“.