აქტუალური
თურქეთის შს მინისტრი: ტერაქტის შემდეგ, აშშ-თან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, აშშ-თან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. ამის შესახებ სულეიმან სოილუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი არ იღებს აშშ-ის საელჩოს სამძიმარს და უარყოფს მას, რადგანაც აშშ-ის სენატი ფინანსურ დახმარებას უწევს ქურთ მებრძოლებს, რომლებიც თურქეთში მშვიდობას არღვევენ.

მივიღეთ გადმოცემული გზავნილი. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს. ალიანსი სახელმწიფოსთან, რომელიც სენატიდან ამ ჯგუფებს ფულს უგზავნის, კვებავს ქობანის ტერორისტულ ზონებს, რომელთა მიზანი თურქეთის მშვიდობის დარღვევაა, უნდა იყოს განხილული. ეს არის ღია და ცხადი. ჩვენ არ ვართ ვინმეს მტერი, არავის მიწაზე არ დაგვიდგამს თვალი, არავის ვღალატობთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ცხადია, ჩვენ ვერ ავიტანთ ღალატს“, – განაცხადა სოილუმ.

ამასთან, როგორც მანამდე თურქეთის შს მინისტრმა განაცხადა, დადგენილია, რომ სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი. სულეიმან სოილუს ინფორმაციით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს.

სტამბოლში ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 81 მოქალაქე.