საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. პაველ კოპილკოვმა, რომელმაც თბილისში, საჯარო სივრცეში, ქართველები და საქართველო შეურაცხყო, საქართველოს დატოვება გადაწყვიტა.
კოპილკოვი თავის საქციელს ნერვული აშლილობით ხსნის და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
სანამ მისი ქმედების ამსახველი ვიდეო სოც. ქსელებში გავრცელდებოდა, ის პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი — სასამართლომ დააჯარიმა.
5 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდგომი ახალგაზრდა კაცი განუწყვეტლივ იმეორებს შეურაცხმყოფელ ფრაზებს რუსულ ენაზე, საქართველოსა და ქართველებისადმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი — რუსეთის მოქალაქე — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსის ორი მუხლით დააკავეს: წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი ბრიფინგი გამართა და იკითხა, რატომ არ აძევებდნენ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეს, რომელიც იყო საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისთვის.
პაველ კოპილკოვი თავის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვერ დაასახელებს რაციონალურ მიზეზს, რომლითაც შეიძლება მის მიერ საქართველოსა და ქართველების შეურაცხყოფის ახსნა.
“მინდა, მოვიბოდიშო და ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ ვგულისხმობდი იმას, რასაც ვამბობდი. ასეთი რამ არასდროს მიფიქრია და არც ახლა ვფიქრობ.
ვერ გეტყვით რაციონალურ მიზეზს. ნერვული აშლილობა მქონდა და უბრალოდ მინდოდა, რაიმე ძალიან ცუდი გამეკეთებინა. გავაკეთე ის პირველი საშინელება, რაც თავში მომივიდა. ვიცოდი, ხალხი გაბრაზდებოდა და ალბათ, პოლიციაშიც წამიყვანდნენ”, — დასძენს ის.
9 ნოემბერს პაველ კოპილკოვმა განაცხადა, რომ საქართველოდან მიდის.
„მესმის ყველასი, ვინც ჩემზე გაბრაზებულია. ისინი მართლები არიან. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ ოდესმე გამიგებენ და ნებას დამრთავენ, დავბრუნდე, ნამდვილად [მოხარული] ვიქნები, რადგან ძალიან კარგი დრო გავატარე აქ, სასიამოვნო ხალხს შევხვდი, პროექტი მქონდა…
თუ ნებას დამრთავთ, დავბრუნდე, ვეცდები, გამოვასწორო… რაიმე კარგი გავაკეთო საქართველოს საზოგადოებისთვის”, — ამბობს ის.
წყარო: „ნეტგაზეთი“