სამართალი
სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ნიკა გოგაშვილს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან, რაც აბსურდია.

იარაღი ჩვენთან ჰქონდა, რადგან პერიოდულად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე, თვითონ თელავში ცხოვრობს. ეს იარაღები 16 ივლისს, ჩვენი სახლიდან ამოიღეს. ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა.

ნიკა გოგაშვილი თელავში დააკავეს, მეგობრებთან ერთად იყო, როცა მასთან 3 მანქანით მივიდნენ. ახლა სუს-ში მოჰყავთ, ჩვენ ეს გამომძიებელმა შეგვატყობინა. აღსანიშნავია, თუ რატომ დააკავეს ის 3 თვის შემდეგ და მაშინვე არა, თუკი რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. ეს მუხლი 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - განაცხადა გოგაშვილმა.