პუბლიკაციები
საკრებულოს თავმჯდომარე სომხეთის ელჩს შეხვდა

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი მიიღო.

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატება უსურვა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა თანამდებობაზე დანიშვნა მოგილოცოთ. თქვენი სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა წარმატებული იქნება. მჯერა, რომ ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ქვეყნების ძმური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ჩვენის მხრივ, როგორც ყოველთვის, ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის მზად ვართ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობაზე ყოფნა განსაკუთრებული პატივია.

საქართველო სომხეთისთვის განსაკუთრებული ქვეყანაა. ქართულ სომხურ ურთიერთობებს, ხომ ძალიან ღრმა ფესვები გააჩნია. ვეცდები ჩემი საქმიანობა გავაგრძელო, ისე რომ ეს ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ განმტკიცდეს“,- განაცხადა ელჩმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ მოწყობაზე, სტრუქტურისა და მუშაობის სპეციფიკის საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ტყემალაძემ სტუმარს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამუშაო შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საკრებულოში გამართულ შეხვედრაში საკრებულოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი, „ქართველ სომეხთა კავშირის“ ხელმძღვანელი მარიამ არაქელოვა მონაწილეობდნენ.

საქინფორმი