საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: „ბევრი რამის პატიება შეგვიძლია სტუმრისთვის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს – ბატონო ბას, თქვენ უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა!“

basi2აშშ-ის ელჩ ჯონ ბასს საქართველოს დატოვებისკენ ხაინდრავა სპეციალური მიმართვის სახით მოუწოდებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 მაისის შემდეგ ელჩს ამ ქვეყანაში ყოფნის მორალური უფლება აღარ აქვს. „ბატონო ბას, თქვენ უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა! უნდა დატოვოთ, თუნდაც, იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერით გაგულისებულმა ავაზაკების კრებულმა სისხლში ჩაახშო პატიოსანი ქართველი კაცებისა და ქალების წადილი, იცხოვრონ სამართლიან სახელმწიფოში. ჩვენ ბევრი რამის პატიება შეგვიძლია სტუმრისთვის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამ აღვირახსნილ ძალადობას, უსამართლობას, უკანონობას საქართველოში თქვენი ფავორიტი სააკაშვილი განასახიერებს. თქვენ, პირადად, უკვე დაკარგეთ ღირსება და ნუღარ დაუკარგავთ მას თქვენს ქვეყანას“, – ნათქვამია მიმართვაში.

აქვე ხაინდრავა აღნიშნავს, რომ ამერიკას ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლის როლი აქვს. „ცხვრებივით მიერეკებით ათასობით გაჭირვებაში მყოფ ქართველს სასაკლაოზე, რომელსაც დემოკრატიისთვის ბრძოლის ასპარეზად ასაღებთ, უფრო სწორად, ცდილობთ, გაასაღოთ. მოწმენი ვართ თქვენებური „დემოკრატიის“, მისი ნაყოფის საქართველოში! ორივე ქვეყნის ხელისუფალთ გაწყობთ ამ ტერიტორიაზე უპრინციპო, უმორალო, გარყვნილი, პირად ვნებებსა და კეთილდღეობას დახარბებული გუნდის ძალაუფლებაში ყოფნა! იმიტომაც იცავთ ასე გულმოდგინედ. ისინი ხომ ნებისმიერ თქვენს სურვილს აღასრულებენ. 26 მაისის შემდეგ თქვენ ამ ქვეყანაში ყოფნის მორალური უფლება არ გაქვთ! ამას ჩვენ გეუბნებით, მასპინძლები. კეთილი ინებეთ, მოიქეცით ისე, როგორც ეს სტუმარს შეჰფერის“, – აღნიშნულია ხაინდრავას მიმართვაში.