საზოგადოება
„ხალხის ძალა“: ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება.

„გასული თვეების განმავლობაში, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაჩენილიყო რწმენა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობასთან საელჩოს კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის სწორედ რომ საპირისპირო სიგნალის გაგზავნას ნიშნავს.

თუმცა, დღეს ელჩის რეაქციის ამ ასპექტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ლიბერალიზმი თავისუფლების იდეას ეფუძნება და მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს.

„გარდა ამისა, ლიბერალიზმის იდეას თვისებრივად ეწინააღმდეგება ნებისმიერი მცდელობა, აგრესიული ტოტალური კამპანიით სცადო საზოგადოებისთვის ისეთი იდეების თავს მოხვევა, რომლებიც მისთვის თვისებრივად მიუღებელია.

არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანის, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო.

სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება, პრაქტიკულად, ქვეყნის ცივილიზებულობის მთავარ საზომად აქვთ გამოცხადებული. კონკრეტულ ქვეყნებში ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც კი აძლევენ სქესის შეცვლის შესაძლებლობას, შემოაქვთ ნეიტრალური სქესის ცნება, ხსნიან სპეციალურ საბავშვო ბაღებს ე.წ. ლგბტ ბავშვებისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ.

ამგვარი მიდგომა საწინააღმდეგო აზრისა და ოპონენტის მიმართ, ზოგადად, ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს. ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში, საკმაოდ დიდი წარმატებით, თავს პროგრესულ კასტად, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ასაღებდნენ. საუკუნის წინ, მათ მოახერხეს და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში გიგლა ბერბიჭაშვილი პროგრესულად მოაზროვნე, ხოლო ილია ჭავჭავაძე რეგრესულად მოაზროვნე ქართველად წარმოაჩინეს. ზოგადად, ნებისმიერი რადიკალური იდეოლოგია სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის ბნელის ელიტარულად წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი თავისებურებებით გამოირჩევა დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიაც, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იდეოლოგიური მიმდინარეობაა. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში პროპაგანდას უწევენ კომპლექსებით დამძიმებული რადიკალები, რომლებიც სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებით, საზოგადოების რაციონალური და ზომიერი სეგმენტის მიმართ საკუთარი ყალბი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.

როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა.

ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე, ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება და მასში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ, თავის დროზე, მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. გარდა ამისა, ქართველებს შემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება და კონსერვატიული შეხედულებების ფონზე, სხვისი პირადი ცხოვრების, რწმენის თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ახერხებდა“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, თუ რაიმეს შეუძლია საქართველოში შემწყნარებლობის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება, ეს სწორედ ის აგრესიული პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აწარმოებენ.

„მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან.

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.