რელიგია
საპატრიარქო მედიას რეგულაციებს უწესებს

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მედიის გარკვეული წარმომადგენლები არ იცავენ წესრიგს, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მის კუთვნილ სივრცეებში მედიისთვის „ვითარების შესაბამისი რეგულაციების“ შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

„აღნიშნული გამომდინარე საჭიროებიდან, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს“, – განაცხადა დეკანოზმა და დასძინა, რომ საპატრიარქო კანონის ფარგლებში და „წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას, ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე“.

ჯაღმაიძის განმარტებით, „თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად“. „ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, – ხაზი გაუსვა მან.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველოში არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

„თუმცა, საპატრიარქოს არცერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისათვის, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს პირმა ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს არასდროს შეუზღუდავს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მაგრამ „ბოლო წერტილი“ 2022 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტი იყო, რამაც მათ რეგულაციების შემოღების საჭიროებისკენ უბიძგა. კერძოდ, მისივე განცხადებით, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდა.

დეკანოზის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის მედიისთვის ცალკე სივრცე გამოყო, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს ამ სივრცის დაკავებაზე და მას „გალია უწოდეს“. „თითქოს სხვა უწყებებში სხვანაირი ბარიერები არსებობს ხოლმე“.

„მეტიც, მათ განაცხადეს, რომ სასულიერო პირებს აქვთ თმენის ვალდებულება, თუნდაც წირვის წინ, სასულიერო პირებისაგან ინტერვიუს აღების დაჟინებულ მცდელობას ჰქონდეს ადგილი“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ტაძრის უმთავრესი დანიშნულება საღვთო მსახურების აღსრულების უზრუნველყოფაა, „ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს იმ აუცილებლობის მიხედვით, რაც შეუფერხებელ საღვთო მსახურებასა და მსახურებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნას გულისხმობს“.

დეკანოზმა ჯაღმაიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ სხვა უწყებაში ან დიდ ღონისძიებებზე ჟურნალისტები მათთვის გამოყოფილ შესაბამის სივრცეში დგებიან და ამის უფლება აქვს უწყებას, რომელიც ამ სივრცის მესაკუთრე ან მფლობელია, მათ შორის საპატრიარქოს.

ჟურნალისტის მინიშნებაზე, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ერთ-ერთი მისი კოლეგის მხრიდან ნათქვამი სიტყვა „ბანდიტები“ სასულიერო პირების მისამართით იყო მიმართული და რომ ამავე რეპორტიორს იმ დღეს ხელიც გაარტყეს, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ჟურნალისტს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კელიაში შესვლის უფლება არ მისცეს, რის გამოც მან სვეტიცხოვლის ეკლესიის ეზოში სასულიერო პირები „გამოლანძღა“.

ასევე ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ დაუშვეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი, დეკანოზმა ჯაღმაიძემ წარსულში საპატრიარქოში გამართული პრესკონფერენცია გაიხსენა, რა დროსაც, მისივე თქმით, ამ ტელევიზიის ოპერატორი და ჟურნალისტი „უბრალოდ უმართავად დარბოდნენ ყველა ოთახში“.

„არაფერი არ შეისმინეს ჩვენი. ყველა ოთახში გააღეს კარი და შეიხედეს. უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ მათი გაკავება. ამიტომ, ასეთი უსაქციელობის დარეგულირება მხოლოდ შეგვიძლია იმით, რომ არ შემოვუშვათ ჩვენ აქ, უბრალოდ სხვა ძალები არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის საპასუხო კითხვაზე – „ჩემი სიტყვა თუ არ მოგეწონათ, შეიძლება ჩვენც არ შემოგვიშვათ?“ – ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა – „კითხვა არა, ქცევა“ და დაამატა – „ვინც მსახურებაში ხელს შეგვიშლის, იმას არ შემოვუშვებთ“. „განმარტება და არგუმენტები გვექნება ყოველთვის“.