სამართალი
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა.

სებ-ის განმარტებით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი კვლავ მაღალია, რასაც წამყვანი ცენტრალური ბანკები გამკაცრებული ფინანსური პირობებით პასუხობენ“, რაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს აუარესებს და სტაგფლაციის რისკებს წარმოქმნის“.

ბანკის ინფორმაციით, მართალია საქართველოში, ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და სექტემბერში წლიური 11.5% შეადგინა“.

ამასთან, ბანკმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და პროდუქტების ფასები და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება მცირდება“.

სებ-ის თქმით, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი ზედიზედ 6 თვეა იკლებს და მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რაც ინფლაციას შეამცირებს“.

ბანკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია“, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა.

სებ-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „გაურკვევლობა კვლავ მაღალია“. ბანკის შეფასებით, წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 21 დეკემბერს ჩატარდება.