სამართალი
იაგო კაჭკაჭიშვილი: ნედ პრაისის განცხადება არის ცივი შხაპი ხელისუფლებისთვის

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. იზოლირებული პოზიციიდან ბრძოლა ოპოზიციას არ მოუტანს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლების ცვლილება შეიძლება დაერქვას მომავალ არჩევნებზე, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ, რომ უბრალოდ პოლიტიკური ხარაკირი ჩაიტარონ, მაშინ ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა იპოვონ.

„ფაქტია, ოპოზიციური პარტიები თავისი გადასახედიდან, თავისი სარკმლიდან მოქმედებენ და ჯერჯერობით რაიმე შემხვედრი პლატფორმები არ დაფუძნებულა და არც კოორდინირებული მოქმედების გეგმა წარმოუდგენიათ. მე ვფიქრობ, რომ ეს რაც შეიძლება მალე გასაკეთებელია და იზოლირებული პოზიციიდან ბრძოლა ოპოზიციას არ მოუტანს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლების ცვლილება შეიძლება დაერქვას მომავალ არჩევნებზე.

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის მიმართაც არიან გაუცხოებული და როგორც ვუყურებ ერთმანეთის დისკრედიტაციითაც არიან დაკავებული. მე არ ვამბობ, რომ ტაბუ უნდა დაედოს ერთმანეთის კრიტიკას, აკრიტიკეთ ერთმანეთი, მაგრამ მოძებნეთ ასევე ერთმანეთთან მისასვლელი გზები. ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიების მოტივაციას მე ვერ ვხედავ, მაგრამ ეს დრო დადგება, თუ ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ, რომ უბრალოდ პოლიტიკური ჰარაკირი ჩაიტარონ.

არ ვიცი რა ხდება, შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს მოსწყინდათ ერთმანეთთან ურთიერთობა? მოგეხსენებათ აქტიურად იყო შეკრებები, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამან არ გაამართლა და ახლა ძალა გამოცლილები არიან ამ მიმართულებით. ფაქტია, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს არის მეტ-ნაკლებად პასიურ მდგომარეობაში. რას ელოდებიან არ ვიცი, უკრაინული ოპოზიცია აქ არ ჩამოვა და არ შექმნის თავის პარტიას“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი გადაცემაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შეშფოთებას იწვევს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედება, რომელმაც რეფორმების შეფერხება ან უკუსვლა გამოიწვია.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება ცივი შხაპია, თუმცა ის მმართველ პარტიასთან ერთად ქვეყანასაც აზარალებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ეს განცხადება ცხადია არის ცივი შხაპი ხელისუფლებისთვის და ცხადია ძალიან უსიამოვნო განცხადება ხელისუფლებისთვის, მაგრამ აქ სამწუხარო ისაა, რომ ეს განცხადება ხელისუფლებას კი მიემართება, მაგრამ ქვეყნის იმიჯს აზარალებს. ქვეყანამ, რომელიც რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხრივ იყო წამყვანი, ნებისმიერი მძიმე შეფასება დემოკრატიის კუთხით რასაკვირველია, დამაზიანებელია ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.