აქტუალური
ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. რუმინული მედიის ცნობით, ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს.

როგორც მედია წერს, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე მიწვეულია ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი მსგავსი დონის შეხვედრა, რომელსაც ნატო ბუქარესტში 2008 წლის სამიტის შემდეგ ჩაატარებს.