სამართალი
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ყოველთვის ჰქონდა გაცხადებული მზაობა, რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებშიც იქნება განხილული, როგორ შეიძლება, საქართველომ მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა 6 ოქტომბერს პრაღაში ნიკოლ ფაშინიანს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ილჰამ ალიევს, ემანუელ მაკრონსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრას, რა დროსაც ისაუბრეს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა ითავონ.

ილია დარჩიაშვილის თქმით, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია საყოველთაოდ არის ცნობილი.

„როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, საქართველოს პოზიციაა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა გაცხადებული მზაობა, რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა. ამ ვიზიტის ფარგლებშიც იქნება შესაძლებლობა, განხილულ იქნას ეს საკითხები, რათა საქართველოს თავისი კონტრიბუცია ჰქონდეს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, სამუშაო შეხვედრის ფარგლებშიც იქნება განხილული, როგორ შეიძლება, საქართველომ მეტი წვლილი შეიტანოს იმ მიმართულებით, რაც ჩვენი საერთო ინტერესია რეგიონში – მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.