საზოგადოება
სამხრეთ ოსეთის ლიდერის მესამე ვადით არჩევაზე რეფერენდუმის საჭიროება აღარ არის

referendumi-osetSiსამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ 14 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ედუარდ კოკოითის მესამე ვადით ასარჩევად რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო.

ცოტა ხნის წინათ საინიციატივო ჯგუფი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევის ხელმძღვანელობით, გამოვიდა წინადადებით, ჩატარებულიყო რეფერენდუმი პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს წინ გამართა აქცია მოთხოვნით – ედუარდ კოკოითი მესამე ვადით დარჩენილიყო რეგიონის ლიდერად და იგი „ერის ნების“ წინააღმდეგ არ წასულიყო.

13 ივნისს კი ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემთხვევაშიც ის მესამე ვადით არ იყრის კენჭს ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ასევე, 14 ივნისს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა იმავე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა – ჩატარდეს რეფერენდუმი იმის თაობაზე, რომ ოსურთან ერთად რუსული ენაც რეგიონის სახელმწიფო ენად გამოცხადდეს. რეფერენდუმი ამ საკითხზე, სავარაუდოდ, მომდევნო ორი ან სამი თვის ვადაში გაიმართება.