სამართალი
ნუგზარ წიკლაური: „ქართულმა ოცნებამ“ ხმა არ მისცა პუტინის რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას, სხვა ყველაფერი გამონაგონია

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ ხმა არ მისცა პუტინის რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას, სხვა ყველაფერი გამონაგონია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტშიც რომ შეიტანოს მსგავსი რეზოლუცია, „ქართული ოცნება“ ხმას არ მისცემს.

სხვა შემთხვევაში ხმას მივცემდითო. გუშინ კობახიძის კომენტარი იყო იმაზე, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული ქვეყანა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ვერ პასუხობს ამაზე. ნუთუ ამის შემდეგ ვინმეს კიდევ რამე დასაბუთება სჭირდება, რომ რეალურად მათ უპირველეს ყოვლისა ხმა არ მისცეს სწორედ პუტინის რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და სხვა ყველაფერი არის გამონაგონი. მე მაქვს ასეთი იდეა, რომ შევიტანოთ საქართველოს პარლამენტის წინაშე სწორედ ასეთი დოკუმენტი, სადაც პუტინის რეჟიმი იქნება გამოცხადებული ტერორისტულ ქვეყნად და ვნახოთ, მოაწერს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციას ხელს. წინასწარ გეუბნებით, რომ არა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ასევე, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება ნიშნავს, რომ ევროპის პოლიტიკური ვერდიქტი უკვე გამოტანილია.

ქართლი ოცნების“ ვერანაირი რიტორიკა ვერ აგვაღებინებს ხელს იმაზე, რაც სიმართლეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს დადასტურებულია ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებითაც და ამიერიდან უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებითაც. მიხეილ სააკაშვილი აღიარებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრად ამ ბოლო გადაწყვეტილებით, არამედ აღიარებულია პუტინის მიერ დევნილ პოლიტიკურ პატიმრად, როგორც სხვადასხვა ადამიანები მთელს მსოფლიოში. ევროპის პოლიტიკური ვერდიქტი არის გამოტანილი. ყველა დაეთანხმა უკვე, ევროპის პარლამენტი, ცალკეული ლიდერები, აშშ-ც, ახლა უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური პატიმრობაა.

რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცამ რაღაც დოკუმენტი შეაპარა, ეს მეტყველებს მათ სიბრიყვეზე, ამ ადამიანების პრიმიტივიზმზე, ვერ გაგებაზე იმისა, რაც ხდება მსოფლიოში. ცივილიზაციური ბრძოლაა დაწყებული რუსეთსა და მთელს თავისუფალ სამყაროს შორის და ჩვენგან ყველა მოელის, რომ გვქონდეს პოზიცია ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური გადაცემაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კახა კალაძემ მისი ბოლოდროინდელი პიარკამპანიით „ქართული ოცნების“ დაბალი სტანდარტიც კი გადალახა.

დაკავებებშიც კი გამოიხატა, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. როგორც ჩანს აქ ყველა ეტაპზეა დანაშაული მომხდარი. ბრალს დებენ მათ, ვინც დააპროექტა, ვინც შეამოწმა, ვინც უშუალოდ სამუშაოები შეასრულა, მერიის მხრიდანაც არის კონკრეტული ბრალდებული, რომელმაც მიიღო ეს კონკრეტული შესრულებული სამუშაო, რის შედეგადაც ეს ტრაგედია მოხდა. ყველა ეტაპზე გამოკვეთილია იმ ტიპის დანაშაული ან იმ ტიპის ბრალდებებია, რომ თვით საგამოძიებო უწყება პრაქტიკულად აღიარებს იმას, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა.

ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ არცერთი უწყება მერიაში გამართულად არ მუშაობს, ერთადერთი, რაც მუშაობს, არის ის პიარსამსახური, რომელიც უშუალოდ კალაძეს ემსახურება და რომელშიც ჩვენი, გადასახადების გადამხდელების 100-ობით ლარი იხარჯება. მე ვფიქრობ, რომ კახი კალაძეს საბოლოო ჯამში ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ახლა ის რასაც აკეთებს ამ მდარე, პროვინციული პროპაგანდით, ტრაგედიაში მონაწილე პატარა ბავშვებთან მაისურებით მისვლით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ საფლავზე დაწერილი ეპიტაფია. მე ასე ვხედავ, ის თავის თავს ვეღარ გადაირჩენს. თვით „ქართული ოცნების“ უდაბლესი პოლიტიკური სტანდარტის პირობებშიც კი კახი კალაძე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თავისი უტიფრობით, ამ ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯებით, „ქართული ოცნების“ სტანდარტიც კი გადალახა, გვაჩვენა ის, თუ როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი და ეს არის ძალიან სამწუხაროდ სანახავი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.