აქტუალური
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“- ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე დააკვირდა.

„საჩვენებელ სწავლებაში სპეცდანიშნულების ჯგუფებმა სამხედრო თავისუფალი ვარდნა, ჰაერიდან მომარაგება, ჯავშანტექნიკით ობიექტზე შეტევის, შენობის დაკავებისა და სტატიკური პარაშუტით, AN-2- ის ტიპის საფრენი აპარატიდან დაშვების ელემენტები განახორციელეს.

„კავკასიის არწივი 2022“ – ის სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება.

სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.