აქტუალური
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ვასილე დინკუ თბილისს სტუმრობს, სადაც იგი 18 ოქტომბერს უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები განიხილა.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. აღინიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვასილე დინკუმ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

მათვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს რუმინეთის მნიშვნელოვანი წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მისი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც აღნიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. მათვე განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

ამავე ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა.

რუმინელ კოლეგასთან შეხვედრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებასაც ხელი მოაწერეს, რაც არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. მათვე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა გააფორმეს.

შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც „რუმინეთი არის განსაკუთრებული პარტნიორი საქართველოსთვის, როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკური მიმართულებით და იმ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს, რაც შეეხება საქართველოს ინტეგრაციას თავდაცვითი თუ სხვა ევროპულ სტრუქტურებში“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან „ძალიან აქტიურად“ იმსჯელა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და დასახეს „საერთო გეგმები, რომელსაც განვახორციელებთ ერთობლივად უახლოეს მომავალში“.