სამართალი
სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე: ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს.

ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.