საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. „რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის“ დამგმობი კიდევ ერთი რეზოლუციის, ამჯერად - გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის საქართველოს მხარდაჭერის, ასევე უნისონში საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს ხელმძღვანელებისა და ნატოში მყოფი თავდაცვის მინისტრის იდენტური განცხადებების ფონზე, სულ მცირე, უცნაურად გაჟღერდა უკრაინის ხელისუფლებაში გავლენით მესამე უკრაინელის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას აქვს გარკვეული მტკიცებულებები საქართველოში ყველაზე გავლენიანი მოღვაწის, ექს-პრემიერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკრაინამ იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთა მიმართაც სანქციები გამოცხადდება.
მეორე, ერთი შეხედვით, ზემოაღნიშნულთან თითქოსდა არაფერი კავშირში მყოფი საგანგაშო ფაქტია საქართველოს მოხსენიება სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორც სატრანზიტო ტერიტორიისა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო მანქანა მოძრაობდა, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა. იგულისხმება, რომ სატვირთო მანქანამ საქართველოს საზღვარი ორჯერ (ან ოთხჯერ?) გადაკვეთა, ქვეყნის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ანუ ქართველმა მესაზღვრეებმა და საბაჟო სამსახურმა ვერაფერი აღმოაჩინეს. ამას მოჰყვა – საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომელიც, თურმე, ამ ორ სამსახურს აკონტროლებს, „რუსული აგრესიის შეღწევის თავიდან ასაცილებლად“.
მესამე საგანგაშო ფაქტია რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ეპიზოდი, სადაც საუბარია უკრაინაში ქართველი დაქირავებული მებრძოლების განსაკუთრებულ სისასტიკეზე, რომელთა სანგრებშიც ვითომდა პოულობენ წამების შედეგად დაღუპულ რუს ჯარისკაცებს - თვალებდათხრილებს, შებოჭილებსა და დამწვრებს.
და ბოლო ფაქტი - რადიკალური ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გაიმეორა, რომ ირანულმა თვითმფრინავმა, რომელიც საქართველოს გავლით მიფრინავდა, რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიანი დაბომბვის დროს გამოიყენა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი გადაწყვეტილების მიმღები ცენტრიდან თანმიმდევრულად იდგმება ნაბიჯები, რათა საქართველოს უბიძგონ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისკენ - ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით, რათა 1 - უარყონ ეჭვები საქართველოს ხელმძღვანელობის კრემლთან ფარული თანამშრომლობის შესახებ, 2 - რათა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ჰგავდეს იძულებით თავდაცვას, ანუ თუ რუსეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს საქართველოს, როგორც ტერორიზმის თანამონაწილე ქვეყნის წინააღმდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა და აშშ უკვე მერვე თვეა, შანტაჟითა და მუქარით წარუმატებლად ცდილობენ დაარწმუნონ საქართველო მეორე ფრონტის გახსნაში, ძნელი არ არის იმის გარკვევა, თუ სად მდებარეობს სწორედ ეს გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი.
საქინფორმი