სამართალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი ვარაუდობს, რომ ავტომობილი განზრახ დაუწვეს

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი (გია) ხარჩილავამ, რომელიც ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია, 12 ოქტომბერს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან კუთვნილი ავტომობილი დამწვარი ნახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თავად ხარჩილავამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში განმარტა, რომ მისი ავტომობილი სრულად გამართული იყო, შესაბამისად ვარაუდობს, რომ ის ვიღაცამ განზრახ დაწვა.

ეს უკავშირდება იმას, რომ წალენჯიხის მერია არის ერთადერთი ოპოზიციური მერია, რომელიც ატარებს მკაფიოდ განსაზღვრულ რეფორმებს, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მხილების პოლიტიკას და არცერთი წამით არ ეშვება საერთო ქართულ ღირებულებებს“, – განაცხადა მან.

საგულისხმოა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახდა.

ამასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი იყო იმ შვიდიდან, სადაც ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას 11-11 მანდატი ერგოთ, 4 – გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის (მათგან ერთმა პარტია მალევე დატოვა და საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო), 1 – ლელოს.

ძალთა ბალანსის ამგვარი გადანაწილების გამო წალენჯიხის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, საკრებულო თავმჯდომარის პოსტზე გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს.