საზოგადოება
„ქრისტიან-დემოკრატები“ კვლავ კვეზერელის გადაყენებას ითხოვენ

christian_democraciesსაპარლამენტო ოპოზიცია კვეზერელს ამჯერად ბაზარზე ხორცის გაძვირების გამო აკრიტიკებს. აღნიშნული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკმაოდ ცხარე კამათის თემად იქცა. უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ უმრავლესობას კვეზერელის მიერ ბაზარში დადებული ის პირობა გაახსენა, რომლის თანახმად, ერთი კგ ხორცის ფასი 10 ლარს არ გადასცილდებოდა.

„მინისტრის დაპირების მიუხედავად, მოსახლეობამ იაფი ხორცი ვერ მიიღო. ჩვენ კვეზერელის მიმართ პერსონალური პრობლემები არ გვაქვს. ის შეიძლება კარგი მეგობარი იყოს, მაგრამ როგორც მინისტრთან, მასთან პრობლემები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ამასთან, მან უმრავლესობას ურჩია, თავადვე მიმართოს პრეზიდენტს ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გაშვების რეკომენდაციით.