სამართალი
ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტებმა აქცია გამართეს

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი მიზანია, პროტესტი გამოხატონ რუსეთიდან გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მისამართით, რათა დაანახონ, რომ არ არიან სასურველი სტუმრები.

როგორც „პირველი არხის“ კორესპონდენტი აქციიდან იუწყებოდა, გვირაბს იქით გადაადგილება შეიზღუდა და აქციის მონაწილეებმა გადასვლა ვერ შეძლეს.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებთან ამ თემაზე მცირე შელაპარაკებაც ჰქონდათ.

საპატრული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განმარტა, რომ შეზღუდვა ხდება მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

„ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოგეხსენებათ როგორი მოძრაობაა, როგორც რუსეთიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისიდან რუსეთის მიმართულებით. გადატვირთულია მოძრაობა და აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ არ მოხდეს მოძრაობის კოლაფსი, ისედაც გადატვირთულია მოძრაობა. მოვუწოდეთ, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულიყვნენ და თუ უნდათ, პლაკატები გაშალონ და ჩაატარონ ის, რაც განსაზღვრული აქვთ“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ამასთან, ორგანიზაცია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აქციაზე არ იმყოფებოდა.