საზოგადოება
ხავიერ კოლომინა: მთავრობამ უნდა სცადოს ოპოზიციასთან დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ხვალ პირველად მექნება ოპოზიციასთან შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმის სათქმელად, რომ მათი პირადი პასუხისმგებლობაცაა, საკუთარი როლი შეასრულონ რეფორმების იმპლემენტაციაში, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

კოლომინას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიიღო დაპირება, რომ რეფორმების იმპლემენტაცია გაგრძელდება.

„მივიღე რწმუნება, რომ რეფორმების იმპლემენტაცია გაგრძელდება, განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარისგან. ის ხელმძღვანელობს რამდენიმე სამუშაო ჯგუფს, რომელიც შექმნილია 12 რეკომენდაციის განსახორციელებლად. მან მომცა დაპირება, გადმომცა დოკუმენტები, თარიღები და საბოლოო ვადები, მან ამიხსნა, როგორ არის დაგეგმილი მთელი ეს პროცესი. რასაკვირველია, პრობლემაა ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. ხელისუფლებამ იცის ეს, მაგრამ ამბობენ, რომ ღიაა კარი ოპოზიციისთვის, რომ შეუერთდეს პროცესს, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან. მე ხვალ მექნება ოპოზიციასთან შეხვედრა და ამ გზავნილს ძალიან მკაფიოდ მივიტან ოპოზიციურ სპექტრამდე. პირველად მექნება ოპოზიციასთან შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმის სათქმელად, რომ მათი პირადი პასუხისმგებლობაცაა, საკუთარი როლი შეასრულონ რეფორმების იმპლემენტაციაში. ასევე, დავარწმუნე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ჩემი აზრით, მთავრობამაც უნდა იკისროს ინიციატივა და სცადოს ოპოზიციასთან დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მაგრამ ოპოზიციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. დღეს დილით მქონდა შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც ასევე ბევრი ვისაუბრეთ რეფორმებზე. ასე რომ ფართო წარმომადგენლობასთან მქონდა შეხვედრა. ხელისუფლებისგან მივიღე რწმუნება, რომ ისინი მზად არიან“, – განაცხადა კოლომინამ.