რელიგია
ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქი ახალციხეში გაემგზავრა

Garegin4რაიონის შესასვლელში სომხეთის ეკლესიის დელეგაციას ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დახვდნენ.

დღესვე იგეგმება დელეგაციის სტუმრობა სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სახელობის სომხურ ეკლესიაში და ახალციხის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის სომხურ საჯარო სკოლაში. ხვალ კი, სომხეთის დელეგაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის რეზიდენციას ეწვევა. იმავე დღეს სტუმრები გაემგზავრებიან ასპინძაში, სადაც რაიონულ ცენტრში ასპინძის სომხურ მოსახლეობასა და დამალის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართება. გარეგინ II თანმხლებ პირებთან ერთად ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში ლოცვასაც აღავლენს. ამავე ტაძრის ეზოში შედგება ხაჩქარის გახსნა. დელეგაციის წევრები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდებიან.

ახალქალაქში სტუმრები მოინახულებენ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქართულ ეკლესიასა და ტურინის სუდარის მუზეუმს, ეწვევიან ახალქალაქის დერენიკ დემირჩიანის სახელობის №2 და №4 საჯარო სომხურ სკოლებსა და წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის ქართულ სახელობის სასწავლებელს.

 

15 ივნისს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია ნინოწმინდაში გაემგზავრება, სადაც ქალაქის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. დელეგაციას საზეიმო დახვედრას წალკის რაიონის სოფელ აიაზმაშიც მოუწყობენ, სადაც სტუმრები ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შეხვდებიან. იმავე დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდება.